მარტვილის კანიონში მოგზაურობა ღამით, 3D განათებების ფონზე, უკვე შესაძლებელია

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი გუგუჩიასთან ერთად მარტვილის კანიონში მოწყობილი ღამის 3D განათებები დაათვალიერა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირველად საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე მოგზაურობა ღამის საათებშიც ხდება შესაძლებელი.

ეკომეგობრული, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი 3D განათების სისტემა, ზიანს არ აყენებს გარემოს და, ამავდროულად, მოგზაურობას კიდევ უფრო სანახაობრივს ხდის.

აღსანიშნავია, რომ დღეიდან მომდევნო 1 კვირის განმავლობაში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მკვიდრი მოსახლეობა მარტვილის კანიონზე უფასოდ შეძლებს იმოგზაუროს 3D განათების ფონზე.

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუდმივად ზრუნავს დაცული ტერიტორიების განვითარებაზე, მიმდინარე წელს, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე, ეკოტურიზმის განვითარებისთვის, 22.5 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განხორციელდება. აღნიშნულის ფარგლებში მოეწყო მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე 3D განათების სისტემები, რომლის საერთო ბიუჯეტმაც 4 მილიონი ლარი შეადგინა.