თამაზ ბაძაღუა: მეშინია ჩემი სიფხიზლის-არაფრად ქცევის…

  • ქართველი დრამატურგი, პოეტი თამაზ ბაძაღუა დაიბადა 1959 წელს, მარტვილის რაიონის სოფელ ნახუნაოში, პედაგოგების პოლიკარპე და თალიკო ბაძაღუების ოჯახში.

1975 წელს დაამთავრა ნახუნაოს სკოლა და ამავე წელს ჩააბარა მისაღები გამოცდები თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე.

1985 წელს გამომცემლობა “განათლებამ” დასტამბა მის მიერ თარგმნილი ჯაკომო ლეოპარდის ლექსები. თარგმნა პიერ პაოლო პაზოლინის, მიქელანჯელო ბუენაროტის, გიიომ აპოლინერის, რაინერ მარია რილკეს ლექსები.

თამაზი მუშაობდა დრამატურგიაშიც. ის იყო ახალგაზრდა დრამატურგთა ბიჭინთვის სემინარის უცვლელი წევრი. მისი პიესები იდგმებოდა რუსთავის, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის, ერთი მსახიობის თეატრებში. 

1987 წელს 5 ნოემბერს პოეტი და დრამატურგი თამაზ ბაძაღუა ოჯახთან ერთად ტრაგიკულად დაიღუპა.

„აღსარება ქრისტეს ჯვარცმასთან“

შენ ვერ აღორძინდი
ჩემ სიცარიელეში, როგორც ვარდი,
შენი სურნელი, გამაბრუები, ვერ მოსწვდა სხეულს,
და მე აღმოვჩნდი მდინარის გზაზე,
მერყევი და გაუნდობელი,
დრო კი, როგორც ქვა, ჩემ გულში იდო
და დიადი კაკუნი მისი შიგნიდან მჭირდა.
მე მეშინია ჩემი სიფხიზლის,
საუკუნოვანი ღამე
არ მანებებს სიზმარს-თავის მოსატყუებლად,
მეშინია ჩემი სიფხიზლის-არაფრად ქცევის.

გარდაცვალება

შენი ნაბიჯით სიჩუმე დადის
და უხერხულად დაბორიალობს
ოთახში, სადაც სიცარიელეს
გაუდგამს ფესვი და სიმარტოვეს,
ეს მერამდენე დღეა სიჩუმე
წვება შენს თბილ და ნაცნობ ლოგინში,
როგორც მდინარის დამშრალ ხახაში
წყალი და თვალებს ტკივილი ხუჭავს.
აკრეფილია შენი ფეხისხმა
და სიჩუმისგან თავბრუდასხმული,
როგორც სისხლიან ჯვარს ქრისტიანი
ვეყრდნობი მძიმე და უხეშ კედელს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *