წაჩხურობა და ლეგენდა

მარტვილის მუნიციპალიტეტის ულამაზეს სოფელ სალხინოს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში განსაკუთრებული ხალხმრავლობა აღდგომის მეოთხე დღეს – ხუთშაბათს არის.

წაჩხუროს სალოცავზე ასთი ლეგენდა არსებობს: ერთხელ, სოფლის ახლოს, ყანაში გლეხს ცოლმა სადილი მიუტანა. გლეხმა თავის მწირ ტრაპეზზე უცნობი მგზავრი მიიპატიჟა. ცოტა ხანში მასპინძელმა შეამჩნია, რომ ღვინო და საჭმელი კი არ ილეოდა, მრავლდებოდა. მოულოდნელად მგზავრმა გლეხს სთხოვა, იცეკვეო. ისიც დათანხმდა. ამის შემდეგ უცნობი თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა. გლეხი მიხვდა, რომ სასწაულებრივი ხილვის ღირსი გახდა… სასულიერო პირების აზრით, ლეგენდა შესაძლოა, ანგელოზის გამოცხადებაზე მიუთითებდეს. იმასაც ამბობენ, სამეგრელოდან სვანეთს მიმავალ ანდრია პირველწოდებულს ამ ადგილას ქვის ჯვარი აღუმართავს, ტაძარი კი მოგვიანებით, მე-7 საუკუნეში აუგიათ. ჩვენამდე განახლებულმა, მე-18 საუკუნის დარბაზულმა ეკლესიამ მოაღწია.

მეისტორიე ამბობს, რომ “ამ ადგილას წაჩხურის ციხე (შემორჩენილია კედლები და გალავანი) და წარმართული მოსკეს კერპი ყოფილა. მოსკე მეგრულად მეძევეს, მეშვილეს, ხოლო წაჩხურა” – წყალტივს ნიშნავს, “მოსკე წაჩხური” – ვაჟების მომცემს. უძველესი დროიდან კერპს მომლოცველები სწირავდნენ თავიანთი სიმაღლის სანთელს, ვერცხლის ძაფს (სირმა), სანთელ-საკმეველს, ფულს და მცირე ზომის მორთულ-მოკაზმულ აკვნებს, მათ შორის ვერცხლისას და შვილიერებას ევედრებოდნენ. წარმართულ რიტუალს სოფლის უხუცესი მართავდა. მახვამური (მლოცველი) ცოლ-ქმარს დააჩოქებდა და კერპს შესთხოვდა, მისთვის შვილი მიეცა. მლოცველს ხელში დიდი ჯაჭვი ეჭირა. მავედრებლები ჯაჭვის ქვეშ გაძვრებოდნენ და სურვილს ჩაუთქვამდნენ…

კერპი ქრისტიანობამ დაამხო. ოხვამეს ადგილას აგებულ ეკლესიაში დაბრძანებულ წაჩხურუს მთავარანგელოზის ხატს ხალხმა “მოსკე წაჩხური” – უწოდა. ეს ხატი სწრაფლშემსმენელია და გულით ნათხოვნს აღასრულებს”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *