შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს თამარ მემანიშვილი უხელმძღვანელებს

  • სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად თამარ მემანიშვილი დაინიშნა.

ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა წარუდგინეს.

მინისტრმა თამარ მემანიშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მას წარმატებები უსურვა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, თამარ მემანიშვილს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის იკავებდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის და საქართველოს პარლამენტის ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის ანალიზისა და ინსტიტუციური განვითარების განყოფილების უფროსის თანამდებობებს. ასევე გახლდათ, საქართველოს შსს აკადემიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი და სხვა.